სვანეთი

ისტორია


   ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი. ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას სვანეთი ქართლის სამეფოს საერითაო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, გააჩნდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად 523 – 530 წლებში გავრცელდა.
    VIII საუკუნის ბოლოს, სვანეთი სხვა ქართველ ტომებთან ერთად, ეგრის-აფხაზეთის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი საერისთაო. ამ დროსEეგრის-აფხაზეთის სამეფო თავისი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით (ქართები, სვანები, მეგრელ-ჭანები), ქართულ ენაზე მღვდელმსახურებით, ტერიტორიითა და კულტურით ქართულ სამეფოს წარმოადგენდა. XII საუკუნეში სვანი ერისთავები საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. XIII საუკუნეში თამარის მეფობისას სვანები სამეფო ჯარში მსახურობდნენ. მოგვიანებით, XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, სვანეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავროდ, იგივე სადადეშქელიანო სვანეთად ანუ ბალსქვემო სვანეთად (ბალის ქედის ქვედა მხარე); ბალსზემო (ბალის ქედის ზედა მხარე) სვანეთად ანუ “თავისუფალი სვანეთი”; და ქვემო სვანეთად. მაშინდელი ვითარების გამო სვანეთი საკმაოდ იზოლირებული აღმოჩნდა, დასუსტდა ეკლესია და სავაჭრო კავშირი მეზობელ რეგიონებთან. XVIII საუკუნის სვანეთის შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. ცნობილია, რომ სვანეთი ყოველთვის საქართველოს ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყო და დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოებს ექვემდებარებოდა.

  1857-58 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა სვანეთის საბოქაულოში გაერთიანდა.
   1875-76 წწ, მას შემდეგ რაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა, სვანეთში დაიწყო ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ ანტიკოლონიური აჯანყება. სამხედრო ნაწილთან პირველი შეტაკებისას ხალდელებმა თითქმის მთელი ასეული გაანადგურეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხს 1200-კაციანი სამხედრო ნაწილი, მესანგრეთა და არტილერისტთა შენაერთები დაუპირისპირა. იერიში ხალდეს აღებით და სრული განადგურბით დამთავრდა. აჯანყების მრავალი მონაწილე დააპატიმრეს და შორეულ მხარეში გადაასახლეს. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება. მიუხედავად საზოგადოების მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილე დაისაჯა.
   1917 წლამდე ზემო სვანეთის დიდი ნაწილი, როგორც სვანეთის საბოქაულო, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. 1921 წლიდან მესტიის რაიონს დაექვემდებარა 1 დაბა – მესტია და 134 სოფელი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით სვანეთი მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთი) რაიონებად იყოფა.

სვანური ენა
სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).

http://www.hotelsvaneti.com/about-svaneti-5?lang=KA

No comments:

Post a Comment