სვანეთი

Saturday, January 19, 2013

დღესასწაულები, თავისებურებები



ლამარია



      მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწვეული საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე, და ლამარიას წირავდნენ.

  


  ლიფანალი




  ახალი წლის ციკლის დღესასწაული სვანეთში. იმართებოდა მიცვალებულთა სულების პატივსაცემად. ლიფანალი იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა რამდენიმე დღეს. მორწმუნეთა წარმოდგენით მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და მათ „გასამასპინძებლად“ საწესო სუფრას იხდიდნენ. სუფრაზე ყველაფერი იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ასაკის მიცვალებულისათვის. მათი გულის მოსაგებად სვანები ართობდნენ მუსიკით, ალამაზებდნენ სახლსა და კარ-მიდამოს. ლიფანალის დღეებში სპეციალური წმინდა ფქვილისა და ნაცრის ხსნარით სახლის კარებზე, კედლებზე, საქონლის სადგომის ტიხარზე, კიდობნებზე და ა. შ. თითით გამოჰყავდათ ადამიანთა, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა თუ სასარგებლო ნადირის სილუეტური თუ ხაზოვანი გამოსახულებანი და ასტრალურ-კოსმოგონიური ნიშნები. ამ მხატვრობის სტილი, ტექნიკა, თემატიკა თუ გამოყენებული მასალა პრიმიტიულია. ლიფანალის დღეების დასრულებისას მიცვალებულთა სულებს დიდი პატივისცემით გააცილებდნენ ხოლმე და თან ჯანმრთელობას, საქონლის გამრავლებასა და მოსავლის სიუხვეს ევედრებოდნენ.



ლიფანალის რიტუალები არქაულ წარმოდგენას ემყარება, რომელთა თანახმად მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა. იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს, ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომ მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რომლის წარმმართველი იდეა სწორედ მზის მობრუნება და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები წლის სხვადასხვა დროს საქართველოს მრავალ კუთხეშია დამოწმებული (სულთაკრეფა, სუნთობა და სხვა).



ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული ყოფილა ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში, კერძოდ ვედების დროიდან ინდოელებში, ბერძნებში, რომაელებში.


მურყვამობა 

  (სვან. ლიმურყუამალ-კოშკობა), ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედება. სრულდებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ე. წ. შავ ორშაბათს, ქვემო სვანეთში. სოფლების ჟახუნდრისა და სასაშის მოსახლეობა მზის ამოსვლის წინ კვირიას საგალობლის შესრულების შემდეგ მიადგებოდა წინასწარ აგებულ თოვლის კოშკს და ცდილობდა თავის მხარეს გადაძლევას და წაქცევას, რადგან ხალხის რწმენით, საითაც კოშკი წაიქცეოდა, იმ მხარეს მთელი წლის მანძილზე საჭირო ატმოსფერული ნალექი მოვიდოდა და უცვი მოსავალი იქნებოდა. ასევე სწამდათ, რომ ვინც თოვლის კოშკს საფუძველს ჩაუყრიდა ან თავზე ჯვარს დაადგამდა, უსათუოდ ვაჟი შეეძინებოდა. თუ თოვლი არ იყო, მაშინ თოვლის კოშკს ნაძვის ხით ცვლიდნენ. ზემო სვანეთში მურყვამობა იმართებოდა ყველიერის აღებისას (სვან. „აღბალაღრალ“ — აღების თამაშობები).



მსგავსი დღესასწაულები ბარშიც ყოფილა გავრცელებული (ნაციხურიბა — რაჭაში, ჭვენიერობა — სამეგრელოში). სვანური მურყვამობა უნდა უკავშირდებოდეს მთელ საქართველოში გავრცელებულ წარმოდგენებს ნაყოფიერების საკულტო ხის შესახებ და კოსმოგონიურ სიმბოლოს — ცხოვრების ხეს. მასში შესულია ყველიერის ადრესაგაზაფხულო კარნავალური სანახაობის ელემენტები, რომლებიც ბუნების ხელახალი აღორძინების შესაგებებლად იმართებოდა.





ონიანი ჯ., სვანური მურყვამობა-კვირიაობა, «მაცნე», 1969, № 3; 

ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979; 

Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957; 
სურგულაძე ირ., ქსე, ტ. 7, გვ. 202, თბ., 1984 


http://mshwan1.livejournal.com/20828.html

No comments:

Post a Comment