სვანეთი

სახლი და კოშკი

საცხოვრებელი სახლი და კოშკი

მაჩუბი



   ბაჩუბ, მაჩვიბ, ძველი სვანური სახლის ქვედა სართული, ოჯახის ზამთრის საცხოვრებელი. ცენტრში გამართული იყო კერა. კერის მდებარეობა განსაზღვრავდა მაჩუბის გეგმას: კერის წინა მხარე მიმართული იყო შემოსასვლელი კარისაკენ, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში იყო მოთავსებული. კერის უკანა მხარე იყო საქალებო, წინა — საკაცებო. მტკიცე წესად იყო დადგენილი კერის გარშემო ოჯახის წევრთა დასხდომა სქესისა და ასაკის მიხედვით.
  ზამთრობით ოჯახთან ერთად მაჩუბში, სპეციალურად მოწყობილ გომურში, იმყოფებოდა ბაგურ კვებაზე გადაყვანილი საქონელიც. გომური ადამიანთა სამყოფისაგან გამოყოფილი იყო ხის სქელი ტიხარით, რომელიც მაჩუბს 3 ნაწილად ჰყოფდა (საცხოვრებელი, საქონლის სადგომი და თივის დასაყრელი ბაგა). საქონლის სადგომი გომური მოწყობილი იყო ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ ხარებისათვის და დასავლეთით — ძროხებისათვის. ხშირად გომურის თავზე დაშენებული იყო წვრილფეხა პირუტყვის სადგომი. მაჩუბის აღმოსავლეთ კითხეში მიშენებული იყო ფიცრული მარანი, რომელშიც საარყე ჭურჭელს ინახავდნენ. მაჩუბის ყველა რიხარის ფასადი მოჩუქურთმებული იყო ორიგინალური გეომეტრიული, ზოომორფული, ანთროპომორფული სახეებითა და ფიგურებით.
    გარკვეულ დღეებში ტიხრებზე ხატავდნენ მაგიურ ფიგურებს, რომლებშიც ცხოველთა გამოსახულებები ჭარბობდა. მაჩუბი იყო საოჯახო კულტის ცენტრიც, სადაც დღეობებსა და უქმე დღეებში რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და ლოცვა-ვედრებას ასრულებდნენ (ქალები კერასთან, მამაკაცები — სარკმელთან). კერა აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ სარკმელთა ერთად საცხოვრებლის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

სვანური კოშკი





სვანური კოშკი — სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 - 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც (უშგული). კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული (მურყვამი ანუ კოშკიანი სახლი), ან ცალკე დგას (ქურდიანების კოშკი, სოფელ ბოგრეშის მიდამოები).
სვანური კოშკები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაჯილდოებულია nternational Award Architecture Stone-ზე პრემიით "ხალხური არქიტექტურა".


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98

No comments:

Post a Comment